„ანტილოპათა“ დინასტიის ფუძემდებელი - იუბილარია!

16-ივლ-2019

 

ლეგენდარულ ქართველ მორაგბე ბართლომე ხამაშურიძეს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. უფროსმა „ანტილოპამ“ მთელი ცხოვრება ოვალურ ბურთს მიუძღვნა და  რაგბის სამსახურში კვლავაც ჩვეული შემართებითა და უანგაროდ იღწვის.

 

ბართლომე ხამაშურიძემ რაგბის თამაში საკმაოდ გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო. გვარიანი ჯანის მქონე, სხარტი და ფეხმარდი ყმაწვილი სიყრმის პერიოდში უფროსმა  დამ, მძლეოსანმა  ღუღუნა ხამაშურიძემ სპორტის „დედოფლის“ სამყაროს აზიარა. ბართლომე ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა და რომ არა ლეგენდარული დუგლას კავთელიშვილი, რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდებოდა უფროსი ხამაშურიძის სპორტული კარიერა.

 

ქუთაისში, ვაკისუბნის ახალმა მკვიდრმა დუგლას კავთელიშვილმა უფროსი „ანტილოპა“  ბარგის გადატანაში დაიხმარა. „პეტროვიჩის“  მახვილ თვალს ნიჭიერი ჭაბუკის საუცხოო სპორტული მონაცემები არ გამოჰპარვია და ბართლომეს „აიაში“ გასინჯვა ურჩია. რიონისპირელთა რაგბის მთავარი გუნდი სსრკ-ს პირველ ლიგაში სადებიუტო სეზონისთვის ეზადებოდა, როცა გუნდის დამრიგებლებმა შაკო ქურციკიძემ და რამაზ სვანიძემ ბართლომეს გუნდის კარი უყოყმანოდ გაუღეს. „ანტილოპა“ რაგბში მიღწეულ თავის მრავალ წარმატებათა მოთავედ შაკო ქურციკიძეს მიიჩნევს.

 

ბართლომე ხამაშურიძე თავიდან მესამე ხაზსში გაამწესეს, თუმცა უნივერსალური თვისებების მორაგბემ ქომაგს თავი უმეტესად ფრთაზე და ფულბეკის პოზიციაზე საუცხოო თამაშით დაამახსოვრა. ხამაშურიძეს სარაგბო თიკუნი-„ანტილოპა“ გრძელი და სწრაფი ნაბიჯებისა და ჰაერში ფეხით განსაკუთრებული მოძრაობის გამო ერგო. უფროსმა „ანტილოპამ“ „აიას“  რიგებში 3-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2-გზის კი საბჭოეთის თასიც შემართა. სსრკ-ს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ  დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე მონაწილეობა ზიმბაბვესთან, ეროვნული ნაკრების ისტორიულ-სადებიუტო შეხვედრაშიც მიიღო. ბართლომე ხამაშურიძემ მოქმედი სპორტსმენის კარიერა 40  წელს მიტანებულმა დაასრულა, თუმცა  „აიასთან“ ურთიერთობა წუთითაც არ შეუწყვეტია.

 

ბართლომე ხამაშურიძე მშობლიურ გუნდს ერთი ხანობა დამრიგებლობდა, შემდეგ  კი „აიას“ დირექტორის ფუნქციასაც ასრულებდა. მართალია, წლებია რაც უფრო „ანტილოპა“ „აიას“ სტაფის წევრი არ გახლავთ, თუმცა თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას რიონისპირელთა მთავარ გუნდს დღესაც უანგაროდ და ჩვეული ძალისხმევით ახმარს. აღსანიშნავია, რომ ბართლომე ხამაშურიძე ქუთაისური თანამედროვე რაგბის სკოლის ერთ-ერთი სულიჩამდგმელიც გახლავთ.

 

გამორჩეული ქველმოქმედი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე მშობლიურ მხარეში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. 20-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და კულტურის დამსახურებული  მოღვაწე, დასავლეთ საქართველოში ბავშვთა ფონდის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის იაკობ გოგებაშვილის პრემიითაც იქნა დაჯილდოვებული.

 

ხამაშურიძეების ოჯახმა ქვეყანას ქალ-ვაჟი აღუზარდა. საბედნიეროდ გენმა  არ „დაიძინა“ და უმცროსი „ანტილოპა“, ბესიკ ხამაშურიძე გამოჩენილ ბორჯღალოსანად და მოშვიდკაცედ იქცა. მამის მსგავსად, ფეხმარდობითა და ფილიგრანული ტექნიკით გამორჩეული უმცროსი ხამაშურიძე წლების განმავლობაში ქართული რაგბის მრავალრიცხოვან ქომაგს ფულბეკის პოზიციაზე ეფექტური და შედეგიანი თამაშით ხიბლავდა. ბესიკ ხამაშურიძე ამჟამად რაგბის დასავლეთ აკადემიის თავკაცის ფუნქციას ასრულებს.

 

ბუნებით ოპტიმისტი ბართლომე ხამაშურიძე ქვეყნის მომავალს და 3 შვილიშვილის მორაგბის კარიერას იმედით შეჰყურებს. ქალიშვილის მხრიდან, ზუკა რაგბის ანბანს რუსთავში ეუფლება. ბესიკ ხამაშურიძეს ვაჟები: ბართლომე და მაქსიმე კი მშობლიურ ქუთაისში ოსტატდებიან. დიდი ბაბუის ყველაზე დიდი ოცნება, სამივე შვილიშვილის ქვეყნის მთავარ გუნდში-ბორჯღალოსანთა რიგებში ხილვა და ხამაშურიძეების სარაგბო დინასტიის ღირსეული  გაგრძელებაა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო