ბორჯღალოსნები | პირველად ბონუსით!

30-სექ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნებმა ურუგვაის 5 ლელო გაუტანეს, 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

 

2003 წლიდან დღემდე, საქართველო მეხუთედ თამაშობს რაგბის უმაღლეს ფორუმზე, დღეს მე-18 თამაში ჩაატარა და პირველად მოიპოვა 4 და მეტი ლელოს გატანისთვის დაწესებული საცხრილო ბონუსი.

 

აღსანიშნავია, რომ ურუგვაისთან მეექვსედ ვითამაშეთ და მეოთხედ მოვიპოვეთ გამარჯვება, თანაც სარეკორდო, 26 ქულის სხვაობით (წინა რეკორდი 27:3). მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამხრეთ ამერიკელებს პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (24:12), ახლა კი მსოფლიოს თვალწინ ღირსეული რევანში შედგა.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ჩვენი თამაში მოვახვიეთ

ბორჯღალოსნებმა შეძლეს და ურუგვაის საკუთარი თამაში მოახვიეს. მათ მეტოქეს ბურთი არ დაუთმეს, მუდმივ წნეხში ამყოფეს და სათამაშო დროის 69% მეტოქის ნახევარზე გაატარეს, 59% კი ბურთს აკონტროლებდნენ.

 

სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩვენმა გუნდმა ბურთით ხელში 128-ჯერ შეუტია და ჯამში 432 მეტრი მოიგო, მეტოქემ კი 78 ცდაზე მხოლოდ 162 მეტრი გაიარა. ბორჯღალოსნებმა 9-ჯერ სუფთად გაჭრეს ხაზი და მბოჭავი 23-ჯერ ჩამოიცილეს, თუმცა გადამწყვეტი ის განწყობა და სწორი სათამაშო სქემა გამოდგა, რომელიც გუნდმა სამხრეთ ამერიკელებთან შეარჩია.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა შერკინებასა და მოლში. ურუგვაელები მჭიდროდ თამაშობდნენ დაცვაში და ფრთებზე ხშირად გვქონდა რიცხობრივი უპირატესობა, რაც ერთხელ ლელოდაც ვაქციეთ. გაამართლა 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძის დაყენებამ, რომელსაც სწრაფად გაჰქონდა ბურთი რაქებიდან და გუნდს მისთვის საჭირო ქარიზმა შესძინა.

 

საიმედო იყო ფულბეკი ლაშა ხმალაძე, რომელმაც ფეხით თამაშში მეტოქეს უპირატესობის მოპოვების შანსი არ მისცა. ასევე საიმედონი იყვნენ ფრთებზე ზურაბ ძნელაძე და სანდრო თოდუა, ხოლო ცენტრში ლაშა მალაღურაძე და გიორგი კვესელაძე. მაგრამ მთავარი, რამაც დღევანდელი გამარჯვება განაპირობა, იყო სათამაშო სქემა და მორაგბეების მხრიდან მისი ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

კარგი დასაწყისი

თამაშის დღეს კუმაგაიაში ისე ცხელოდა, რომ მსაჯს პირველი ტაიმის შუაში წყლის შესვენების აღება მოუწია. მიუხედავად ამისა, ურუგვაელებმა სწრაფი, ხელდახელ თამაში ვერ შეძლეს, რაც ჩვენი ორგანიზებული დაცვის დამსახურებაა.

 

მილტონ ჰეიგის გუნდი მოედანზე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავიდა და უკვე მე-5 წუთზე შექმნა პირველი ხიფათი. სანდრო თოდუამ მეტოქეს ხელიდან ბურთი ცენტრში აართვა და ჯერ თავად შეუტია, მერე კი გელა აფრასიძეს დაახლოებით 25 მეტრი მოაგებინა, ოთარ გიორგაძემ კი ოვალი 5-მეტრიან წყვეტილამდე მიატანინა და იქ მეტოქე დაჯარიმდა. საქართველომ შერკინება ირჩია, მესამე ჯერზე იქიდან გატანილი ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც თოდუა უყურადღებოდ დარჩა და მე-8 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო, პირველივე ფაზიდან გავიდა.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯრალოსნებმა ინიციატივა ხელიდან არ გაუშვეს და 29-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. მანამდე, მოლით შეტევას ჯარიმა მოყვა და თედო აბჟანდაძეს კარში დარტყმაზე არც უფიქრია. შერკინების დატრიალების შემდეგ, ბურთი ოთარ გიორგაძემ აიტაცა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ ამჯერად ზუსტად გარდასახა.

 

ტაიმის დასკვნით 10 წუთში ურუგვაიმ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და 33-ე წუთზე ერთი საპასუხო ლელოც გაიტანა. ისევე, როგორც უელსთან მატჩში, დერეფნის შემდეგ სუფთად გაიჭრა ხაზი და გარდასახვაც ზუსტი იყო. მოგვიანებით ურუგვაელებს ჯარიმიდან შეეძლოთ 3 ქულის აღება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და ტაიმი 12:7 მოვიგეთ.

 

თამაში 20 წუთში დავუმთავრეთ

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა პირველზე უფრო მობილიზებულად დაიწყო. აბჟანდაძემ მეტოქის დაცვაში სივრცე შენიშნა და ფეხით ითამაშა, მცველებმა ბურთი საკუთარ ლელოში შეიტანეს და დაამიწეს, ჩვენს 5-მეტრიან შერკინებას კი ლელო მოყვა. შეტევა ამჯერადაც გიორგაძემ დაიწყო და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან საქმეში ლევან ჩილაჩავა ჩაერთო და ბურთი მოკლე ფრთაზე დაამიწა, ხოლო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნებმა წნეხი კიდევ უფრო გაზარდეს და 50-ე წუთზე ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ ბურთი დაგვივარდა. გავიდა 2 წუთი და კოტე მიქაუტაძემ 5-მეტრიან დერეფანში მოიგო ბურთი, მოლმა კარგად იარა და ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც პირველად კაპიტნობდა საქართველოს ნაკრებს, ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა - 26:7.

 

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა სოლიდური იყო, საქართველოს ნაკრებმა წნეხი კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს 22-იდან გამოსვლის საშუალება არ მისცა, მერე ბრეგვაძემ ფეხით მოკლეზე გადაკიდა ბურთი და კარგად მიყვა, მან და შალვა სუთიაშვილმა მცველი ისე შებოჭეს, რომ ბურთზე კონტროლი დააკარგვინეს და გიორგი კვესელაძემ ის ლელოში გადადო, ხოლო თედომ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა.

 

დარჩენილმა 20-მა წუთმაც საქართველოს ნაკრების შეტევებით ჩაიარა. მეტოქემ ფაქტობრივად მთელი მეორე ტაიმი ვერ შეძლო ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა, საქართველოს კი მეექვსე ლელოს გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა. ერთ ეპიზოდში, აბჟანდაძეს ფეხით გადაკიდების შემდეგ, ძნელაძე ლელოშიც შევიდა, მაგრამ მცველებთან კონტაქტის შემდეგ, ბურთის დამიწებამდე სანტიმეტრი დააკლდა. შედეგად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხა.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ გიორგაძე დასახელდა, რომელმაც ერთი ლელო გაიტანა, ერთი შექმნა და ბურთით ხელში 81 მეტრი გაიარა.

 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიო თასზე პირველი დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილამდე დაწინაურდა. 3 ოქტომბერს ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება და თუ ეს შეხვედრაც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ის მე-6 მსოფლიო თასზე თამაშს ნაადრევად დაიბევებს.

 

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ გუნდისათვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო:

 

„ამაყი ვარ ამ ბიჭების თამაშით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო წლევანდელ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოპოვება, უკანასკნელი ოთხი თვის, უფრო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდით და ბედნიერი ვარ დავალება რომ შევასრულეთ“.

 

© ლევან ვერძეული

 

მილტონს მოედანზევე კითხეს ქართველი ფორვარდების ძლიერ თამაშზე:

 

„ფორვარდები ძლიერები იყვნენ შერკინებაში, მოლსა და სხვა სიტუაციებში. ვიცოდით, რომ ოთხი დღის წინ ნათამაშებ ურუგვაის ფიზიკაში გაუჭირდებოდა. პირველ ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა, შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ გეგმას მიყოლოდნენ, რადგან მეტოქე ენერგიისგან იყო დაცლილი და ამან გაამართლა“. 

 

ჰეიგს წინა დღით ნათქვამი სიტყვები გაახსენეს და კითხეს, რატომ მოაქცია ბიჭები წნეხში, რაზეც მან უპასუხა:

 

„ეს რეალობა იყო. ჩვენ მართლაც გარდამტეხი მომენტი გვქონდა. თუ ვერ შევძლებდით ურუგვაის დამარცხებას, ყველაფერი, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით აზრს დაკარგავდა. მოაქცია თუ არა ამან წნეხში მოთამაშეები? - დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა და ეს ზუსტად ის რეაქცია იყო, როგორიც მსურდა ყოფილიყო. როდესაც წნეხის ქვეშ ხარ, მნიშვნელოვანია მისი გამოყენება. შესაძლოა წნეხი იქცეს მოტივაციად, ან ხელის შემშლელ ფაქტორად. ჩვენს მორაგბეებს ამაზე კარგი რეაქცია ჰქონდათ“.

 

© ლევან ვერძეული

 

ნუღარ შეგეშლებათ

გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც დღეს გუნდს პირველად გაუძღვა აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ქართველ ხალხს მიუძღვნა:

 

„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და შესაბამისად მოვემზადეთ. არა იმისთვის, რომ საკუთარი თავით გვეამაყა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გაგვეხარებინა. ვიცოდით, რომ ჩვენს სამშობლოში ძალიან ბევრმა ადამიანმა დილით ადრე იმისთვის გაიღვიძა, რომ ჩვენი თამაში ენახა. ახლა ამ მოგებას დავივიწყებთ და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის, რადგან ამოცანა ჯერ არ შეგვისრულებია“

 

32 წლის მორაგბემ აღნიშნა, რომ მისთვის და ზოგადად გუნდისთვის სიცხეს ხელი არ შეუშლია:

 

„ვემზადებოდით ყველაფრისთვის: სიცხისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, 40 გრადუსისთვის და ეს არაფერს ცვლიდა. ჩვენ მომზადებულები ვიყავით. მთავარი იყო, რომ მოედანი ამაყებს დაგვეტოვებინა. ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ თამაშის მოსაგებად და ყველა ასპექტში დავხარჯულიყავით 100%-ით, რაც შევასრულეთ კიდეც და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

კაპიტანმა იმ ადამიანს, რომელმაც მატჩის შემდეგ რუსული სიმღერა ჩართო, თხოვნით მიმართა და მას მხარი ჰეიგმაც აუბა:

 

„ეს იყო გუნდური ლელო და უბრალოდ გამიმართლა, რომ ამ მოლის კუდში მე აღმოვჩნდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო იმ ადამიანს, რომელმაც გამარჯვების შემდეგ რუსული სიმღერა ჩაგვირთო - ძალიან გთხოვთ, შეცდომა აღარ დაუშვათ“.

 

მილტონმა კი დაამატა:

„მატჩის შემდეგ რუსული სიმღერა დაუკრეს, რომელსაც ქართველი მომღერალი ასრულებდა. გვინდა ყველამ იცოდეს, რომ რუსეთი საქართველო, ხოლო საქართველო რუსეთი არაა. ჩვენ განსხვავებული ენა და კულტურა გვაქვს, ასევე სხვა დანარჩენი. ძალიან გთხოვთ, იზრუნეთ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

2019 წლის მსოფლიო თასი

29 სექტემბერი. კუმაგაია

საქართველო - ურუგვაი 33:7

ხაზი | ბექები

 

15. ლაშა ხმალაძე (23. სოსო მათიაშვილი 72), 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ შარიქაძე 59), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე (21. ვასილ ლობჟანიძე 67);

 

მორკინალები | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. ვანო კარკაძე 64), 3. ლევან ჩილაჩავა (18. გიორგი მელიქიძე 48), 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. მამუკა გორგოძე 59), 6. შალვა სუთიაშვილი (20. ბექა გორგაძე 77), 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე.

5 ლელო: თოდუა (8), გიორგაძე (29), ჩილაჩავა (42), ბრეგვაძე (51), კვესელაძე (57)

4 გარდასახვა: აბჟანდაძე

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო