სეზონის პირველი ‘კლასიკო’ ჩემპიონმა მოიგო

28-ოქტ-2019

© გიორგი ჩხიკვიშვილი

 

ტიტულის მთავარი მაძიებლების ‘აიასა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირება რეგულარული სეზონის შუალედური ფინიშის, პირველი წრის გამარჯვებულს ავლენდა. ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘კლასიკოდ’ შერაცხულ პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრას ქუთაისში ტრადიციულად დაძაბულობა და ქომაგი არ მოკლებია. გაგა გურეშიძის შეგირდები ჩემპიონს დაუმარცხებლად და თან ლიდერის რანგში დაუხვდნენ. სეზონის გამარჯვებული გუნდი პრესტიჟთან ერთად, პლეი ოფის ყველა ეტაპზე, საჩემპიონო ფინალის ჩათვლით მოედნის უპირატესობითაც ისარგებლებს, რამაც ტიტულისთვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

 

‘ლელომ’, წინა ტურში რუსთავის ‘ხარებთან’ სენსაციური მარცხისაგან სათანადო დასკვნები გამოიტანა, რაც უპირატესად ჩემპიონის ამაღლებულ სათამაშო დისციპლინასა და საბრძოლო განწყობაში აისახა. დიდ დიღმელთა დამრიგებელმა პაატა მაისურაძემ, კობა ირემაშვილს ამპლუა შეუცვალა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩვეული ფულბეკის პოზიციის ნაცვლად, ამჯერად მარჯვენა ფრთაზე გაამწესა. მიუხედავად ამისა, ირემაშვილი მატჩის გამორჩეულ ფიგურად იქცა. ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულ ტოლ-სწორ მეტოქეთა დინამიურ თამაშში, ორივე გუნდის მორაგბეები ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩნენ, რამაც მატჩის სანახაობრივ მხარეს დამატებითი ელფერი შემატა. პირველი ტაიმი რიონისპირელთა კარნახით წარიმართა. მარბიელ ირაკლი გაბისონიასა და ფრთა იაგო ხაბულიანის დადებულ ლელოთა გარდა, ‘აიამ’ კიდევ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და აღნიშნულ მონაგარს მხოლოდ მგეზავ ონისე ნიკოლაძის გატანილი წყვილი ჯარიმა შემატა. ‘ლელო’, პირველ ნახევარში მარბიელ თორნიკე ზაქარიაძის ლელოსა და ირემაშვილის ზუსტად შესრულებულ გარდასახვასა და გატანილ ჯარიმას დასჯერდა. შესვენებაზე მასპინძლები 6-ქულიანი უპირატესობით, 16:10  წავიდნენ.

 

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა და ჩემპიონმა საჯარიმო ლელოთი ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურებაც მოახერხა. მატჩის ბოლო წუთებზე ფულბეკ გიორგი ბარათელის გატანილმა ჯარიმამ ‘აია’ გამარჯვებას მიუახლოვა, თუმცა შეხვედრის დასკვნით ეპიზოდში ოვალის დაკარგვა რიონისპირელებს ძვირად დაუჯდათ. ‘ლელომ’ ბოლო მიძალებით კარში დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშავა, რომლის რეალიზება ირემაშვილს არ გაჭირვებია. დრამატულ ბრძოლაში ‘ლელომ’ 20:19 მოიგო და ‘აიასთან’ სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. რიონისპირელებს ლიდერობა აღებულმა ნუგეშმა შეუნარჩუნა.

 

‘ხვამლმა’ ამჯერადაც ძირითადი შემადგენლობის ბირთვის გარეშე ითამაშა, თუმცა მუხიანელთა მარქაფამ თავის გამოჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვა და ‘ლოკომოტივი ხულიგანასთან’ საშინაო შეხვედრა დამაჯერებლად,  26:7  მოიგო.

 

რატი ურუშაძის შეგირდები სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობასთან ერთად, ეპიზოდებში ხელდახელ თამაშსაც ეძალებოდნენ, რაც ‘რკინიგზელებს’ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ‘ხვამლმა’, სათამაშო უპირატესობა ანგარიშში მხტომელ ირაკლი სულეიმანიშვილისა და ფულბეკ ნიკა ჭარხალაშვილის  ლელოებით ასახა. მართალია, ჭარხალაშვილს ორივე გარდასახვა გაუცუდდა, სანაცვლოდ 2 ჯარიმა ზუსტად დაარტყა და მუხიანელები შესვენებეზა 16-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში  ‘ხვამლის’ შუამარბმა მამუკა წურწუმიამ მასპინძელთა უპირატესობა გააღრმავა. ‘რკინიგზელებმა’ ბოლომდე იბრძოლეს, ბურჯ ბუთხუზ ნინუას ლელოთი თამაშში დაბრუნებაც შძლეს, თუმცა შცვლაზე შესულ მუხიანელთა ფრთა ნიკა ჩაჩიბაიას ლელოთი, მატჩი პრემიის თანხლებით მოიგეს. სეზონში მეოთხე გამარჯვებამ რატი ურუშაძის ბიჭებს სატურნირო ცხრილის მოწინავე კვარტეტში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ კი სეზონში მეექვსე მარცხის შემდეგ პლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდა.

 

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. რეგიონალურ დერბიში, ‘ხარებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლეს და თვალსასეირო შეხვედრაში 29:19  იმარჯვეს. სეზონში მეხუთე მოგებამ თემურ ლობჟანიძის ბიჭებს ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა.

 

‘ხარები’ ფულბეკ გიორგი ელოშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ‘არმაზის’ შუამარბ გიორგი ცუცქირიძის საპასუხო ლელო მოჰყვა. მასპინძლები უფრო სწრაფად, ლაღად და გააზრებულად ბურთაობდნენ. ‘ხარების’ მრავალსვლიანი კომბინაცია ეფექტური ლელოთი ‘ხარების’ შუამარბმა ზურა ბენდელიანმა დააგვირგვინა. სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ნიჭიერმა და ჩინებულ ფორმაში მყოფმა ბენდელიანმა კოჭი მოიტეხა და მწვანე მინდორს გვარიანი დროით ჩამოშორდა. მატჩის მსვლელობისას ‘ხარებს’ კიდევ ერთი გამორჩეული მორაგბე, მარბიელი დათო ლომიძეც დაუშავდათ. მასპინძელთა კაპიტანმა დაჭიმული კუნთის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, თუმცა მანამდე ლომიძემ ლელოს გატანა შეძლო. აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ‘ხარები’ ახლოს იყვნენ პრემიალური ქულის აღებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე მასპინძელთა მიუტევებელ შეცდომას თუთბერიძის შესრულებული ‘დუბლი მოჰყვა’ და ბრინჯაოსმედალოსნებმა  პრემიის გარეშე, 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

 

‘არესმა’ მოწინავე ექვსეულში პირველად აინაცვლა. ბოლოადგილოსანი, უქულოდ მყოფი ‘აკადემია’ ქუთაისს 13 კაცის ამარა ეწვია და შეხვედრა სულაც 12 მოთამაშით ჩაამთავრა. აღნიშნულმა გარემოებამ კი შეხვედრას დიდი დაღი დაასვა. ბრძოლა პრაქტიკულად არ შედგა. ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ პირველ ტაიმში 7 უპასუხო ლელო გაიტანა და შესვენებაზე  43-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ნახევარში მასპინძლებს თავი დიდად აღარ გამოუდიათ და მონაგარს მხოლოდ 2 ლელო წაუმატეს 57:0. ‘დუბლით’- მარბიელი კობა ივანეიშვილი გამოირჩა. აღებული პრემიითა და მიჯრით მეორე მოგებით, ნიკა სირაძისა და ზურა შვანგირაძის შეგირდებმა 9 საცხრილო ქულა დააგროვეს და პლეი ოფის ზონაში მეექვსე ადგილზე დამკვიდრდნენ.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო